top of page

იმუნი

154220998_460760265116972_88575403486006

“… გაიცანით, თქვენი ხალხის მხსნელი და გამაერთიანებელი „ელე“. გაზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი. ექვს წლამდე ბოროტების არსებობა არ გააგებინოთ, შვიდი წლისას კი მთელი სამყაროს სასტიკი ისტორია ასწავლეთ და გაზარდეთ, როგორც მეომარი. ასწავლეთ ელარას სამეფოს საიდუმლო საბრძოლო ხელოვნება, რადგან ეს ისევ თქვენსავე სამეფოს გადაარჩენს. ასწავლეთ კეთილისა და ბოროტის გარჩევა. მისი გული დიდია და ბევრს დაიტევს, მაგრამ ცივია, როგორც მთვარე. დადგება დღე და ის იბრძოლებს „ელარას“ სახელით. სითბოთი და სიყვარულით გაზრდილი „ელე“, ნათელი მომავლის ერთადერთი იმედია…”

ხმამაღლა წაიკითხა წერილი  ნიჰატომ და მის მეუღლეს გადახედა, რომელთაც შვილი არ უჩნდებოდათ, შემდეგ კი მის კართან, აკვანში მწოლიარე ბავშვს დახედა. ხელში აიყვანა, ყელზე მანათობელი მთვარის სიმბოლო შენიშნა, რაც ცოლ-ქმარმა  ნანატრი შვილისთვის მრავალწლიან ლოცვებზე პასუხად ჩათვალა და მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი. ზრდიდნენ სიყვარულით, ზღაპრებითა და სიმღერებით. შვიდი წლის ელე, მამამ  თავიანთი მიწების ისტორიის გასაცნობად წაიყვანა, გზადაგზა  უყვებოდა კრუბერებთან გამუდმებულ ომებზე, ქურდობებზე, მკვლელობებსა და ელბრუსის სხვადასხვა შემზარავ რეალობაზე. ნიჰატოს სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როდესაც პატარა ელეს მოუწევდა ბრძოლა თავისი ხალხისთვის და პირნათლად ასრულებდა ყველა იმ მინიშნებას, რომელიც წერილში ეწერა.

გადიოდა წლები, გორგასლის გამეფებამ ხალხს დაავიწყა ბნელი და სისხლიანი პერიოდი, თუმცა ელე ამ მშვიდობიან პერიოდშიც განაგრძობდა ელარას უმაღლესი ელიტის საბრძოლო ხელოვნების შესწავლას.

მოულოდნელად, დადგა დღე, როდესაც გორგასალი გაუჩინარდა. სამეფოდან გასვლა საშიში გახდა, იმატა ქურდობამ, მშვიდობიანი მგზავრების დაყაჩაღებამ, სამეფოებს შორის მტრობამ. სრულიად ელბრუსი შთანთქა ქაოსმა.

ამ რთულ პერიოდში, ელეს მამას ხშირად უწევდა მოპარესის სამეფოში სტუმრობა, რათა ელარაში მოყვანილი მოსავალი ვაჭრებისთვის მიეყიდა და თავი ერჩინა. სრულყოფილ მეომრად გაზრდილი ელე, გორგასლის გაუჩინარების შემდეგ მამას ყველგან დაყვებოდა.

ერთ დღესაც, მოსავლით დატვირთულებს „მოპარესისაკენ“ მიმავალ გზაზე, ექვსი პირდორმელი გადაეღობა, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავიანთი ცეცხლითა და სიმხურვალით. ნიჰატომ ელეს სთხოვა, რომ არაფერი მოემოქმედა, რადგან არ სურდა ყველაზე საშიში რასის წარმომადგენლებთან დაპირისპირება.

პირდორმელებმა ტვირთის დატოვება უბრძანეს, ნიჰატო დათანხმდა და ტვირთის დაცლა დაიწყო თავის ქალიშვილთან ერთად.

ადვილად მოპოვებული ნადავლი პირდორმელებს ეცოტავათ და ერთ-ერთმა მათგანმა ახლა უკვე ნიჰატოს ქალიშვილის დატოვებაც უბრძანა. აქ, კი უკვე მიხვდა მოხუცი, რომ თავს ვეღარ დააღწევდა. ცივი უარის შემდეგ, სისხლს მოწყურებულმა პირდორმელმა ელეს მოულოდნელად ხელი გაარტყა და მიწაზე დააგდო. გოგოს მამამ იმ წამსვე თავისი უძველესი ორპირიანი ხმალი ამოიღო და შეტევაზე გადავიდა, თუმცა ექვსი პირპდორმელის წინააღმდეგ მისი შანსები ძალიან მცირე იყო. ისინი ერთიანად მიუახლოვდნენ ტვირთს და უზარმაზარმა სიმხურვალემ ირგვლივ ყველაფერი გადაწვა. ცეცხლში დავარდნილმა ელემ მამის თვალები დაინახა, რომელიც ალში იყო გახვეული. მის ყელზე უცებ მთვარის სიმბოლომ გაანათა, შეამჩნია, რომ ცეცხლი მას არ იკარებდა, განრისხებულმა მეომარმა იდუმალი შინაგანი ძალა გამოაღვიძა და შიშველი ხელებით ადგილზე დახოცა ექსივე პირდორმელი მეომარი.

შემდეგ მამას მიუბრუნდა, რომელსაც ბოლო ამოსუნთვაღა ჰქონდა დარჩენილი, ცრემლიანი თვალებით ბოდიშს სთხოვდა რომ ვერ შესძლო მისი დაცვა.

„შემპირდი, რომ ეს სასტიკი და ბოროტი სამყარო შენ გულს ვერასდროს გააციებს“, - უთხრა მამამ და თვალები დახუჭა.

ამ ამბიდან რამდენიმე ხანში, როდესაც გამოცხადდა სამეფო ბრძოლა, ელარას მკვიდრნი მიხვდნენ, რომ სწორედ ელე იყო მათი ერთადერთი იმედი. საიდუმლო, რომელიც ელეს ყელზე მთვარის ნიშნის სახით ჰქონდა, ცხადჰყოფდა, რომ მას მთვარე იცავდა. ხალხმა მას მთვარის მეომარი შეარქვა იგივე ი’მუნი.

bottom of page